logo
ENG



ამ ფორმით ცვლილებები იყო არაკონსტიტუციური - საია-ს სასამართლოში სარჩელი შეაქვს

23 მაი 202021:01
3 წუთის საკითხავი
clock 305

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, სულხან სალაძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს - საუბარია  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტზე, რომლის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება   გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვა. 

სულხან სალაძის განმარტებით, კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს და აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს იმ უფლებებს, რაც, წესით, საკანონმდებლო ხელისუფლების, პარლამენტის მოვალეობაა.

„მარტო ჩვენ არ ვამბობთ - ოცნებამაც თქვა, რომ ის არაკონსტიტუციურია. ყველა საუბრობდა, რომ ამ ფორმით ცვლილებები იყო არაკონსტიტუციური. ამ ფორმით მთავრობას ეძლევა შეზღუდოს გადაადგილების შეზღუდვა. აქ საუბარია იმაზე, რომ კანონში მხოლოდ ის იწერება, რომ მთავრობას ექნება ეს უფლება. ორგანული კანონითაა დაცული შრომის უფლებაც, მას იღებს პარლამენტი - მან უნდა შემოიტანოს რეგულაციები და მთავრობა უნდა იყოს აღმასრულებელი. კიდევ საუბარია სამეწარმეო საქმიანობაზე და საკუთრებასთან დაკავშირებით. ამაზე კონსტიტუციაში პირდაპირ არ გვიწერია, მაგრამ არსებობს სასამართლოს პრაქტიკა - მხოლოდ ტექნიკური ხასიათი შეიძლება იყოს მთავრობის მიერ განსაზღვრული და არა ზოგადად უფლებაში ჩარევა.

როცა სარჩელზე ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ სამართლებრივ საკითხზე. ეს არ არის რთული სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლოში არის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხებოდა ამ თემებს, რაზეც ახლაა საუბარი - თუ საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ობიექტური, ამ ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობის მაღალი ალბათობაა", - აცხადებს სალაძე.

რადგანაც კანონის მოქმედება დროში შეზღუდულია და ის 15 ივლისამდე მოქმედებს, სულხან სალაძე ფიქრობს, რომ აუცილებელია სარჩელი სწრაფად განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

„ამ კანონის მოქმედება არის დროში შეზღუდული - ჩვენ ორშაბათს უკვე შევიტანთ და მოთხოვნა იქნება, რომ მალე მოხდეს განხილვა. ნებისმიერი დღე, როცა ამ კანონის საფუძველზე მოქალაქეს შეეზღუდოს უფლება, ეს უკვე კონსტიტუციის დარღვევაა. 

საგანგებო მდგომარეობა რომ არაა ნორმალური, მაგრამ არის საჭირო, ამაზე ვთანხმდებით. სამი სხვადასხვა სუბიექტი მონაწილეობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაში. პრობლემა ისაა, რომ ამ შეზღუდვების უფლება რჩება მთავრობას, ინდივიდუალურად რომელიმე სამინისტროსაც კი - ამიტომაა მნიშვნელოვანი, მალე გადაიხედოს ეს კანონი.

ეს კანონი არის ბუნდოვანი, არავინ არ იცის, წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც უბანია, სოფელში თუ ადამიანს აღმოაჩნდა კორონავირუსი - შეიძლება თუ არა დაიხუროს სოფელი, თუ ასი და ათასი ადამიანია საჭირო. გვერდზე სოფელიც კი შეიძლება დაიხუროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან, როგორც ჩანს, წლევანდელი კამპანია არ იქნება ტრადიციული საარჩევნო კამპანია", - ამბობს სულხან სალაძე.

შეგახსენებთ, რომ  "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.


close დახურვა