logo
ENG



ანა ნაცვლიშვილი ივანიშვილის ვიდეოზე:არ არის პური და არის სანახაობა

22 აპრ 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოების დაცინვასა და შეურაცხმყოფელს უწოდებენ პოლიტიკურ სპექტრში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ტიკტოკზე.

როგორც მმართველი ძალის ოპონენტები აცხადებენ, ამ ვიდეოს გამოქვეყნებით ბიძინა ივანიშვილმა დაანახა თითოეულ მოქალაქეს, რომ მას ადამიანები არ ადარდებს.

„ლელო საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გასართობ სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოქვეყნებით ივანიშვილმა ხალხს მისცა სანახაობა, რადგან მთავრობას პურის მიცემის საშუალება არ აქვს.

„საქართველო არის უპრეცედენტო კრიზისში - ადამიანები ცხოვრობენ ყოველდღიურ შიშში და ამ კონტექსტში ეს ვიდეო აჩვენებს, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ვერ სთავაზობენ პურს, ამიტომ არის ეს სანახაობა", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

„რესპუბლიკურ პარტიაში“ იმედოვნებენ, რომ ივანიშვილის მმართველობას სამართლებრივადაც შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები - როგორც დავით ბერძენიშვილი აცხადებს, ივანიშვილმა სრულიად არაადეკვატურად წარმოაჩინა საკუთარი თავი.

„ეს არის დაცინვა საზოგადოების, არაადეკვატურობის უმაღლესი მწვერვალი და მან, როგორც ჩანს, ზეკაცის მდგომარეობაში წარმოიდგინა თავი. ეს არის არაადეკვატური ადამიანის საქციელი, ასეთი გამოჩენა. სამართლებრივად მერე შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

„თავისუფალი დემოკრატები“ კი აცხადებენ, რომ ივანიშვილის მიერ ფონდში გადარიცხული ასი მილიონი არაფერია იმის სანაცვლოდ, რასაც ოლიგარქიული მმართველობა მართებს ქვეყანას. ალექსანდრე ბარამიძე ვიდეოს დამცინავს უწოდებს.

„როცა ქვეყანა ებრძვის ეპიდემიას, ყველა სახლში გამოკეტილი და დაკარგეს შემოსავალი, ლუკმა-პურის შოვნის საშუალება - ეს არის დაცინვა და იმის თქმა პირდაპირ, რომ ბიძინა ივანიშვილს ფეხებზე ჰკიდია ეს ქვეყანა. მას სჭირდება უბრალოდ ბატონობა. ასი მილიონი არაფერია იმის სანაცვლოდ, რომ მან ამ ქვეყანაზე იბატონოს", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. 


close დახურვა