logo
ENG



ანა ფოტიგა: კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს, ის დაიკავებს კუთვნილ ადგილს ისტორიაში

24 აპრ 202400:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/24/nfpestobzmm5kqj.jpg

"კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს, ის დაიკავებს კუთვნილ ადგილს ისტორიაში" - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ის მორიგ ჯერზე დაესხა თავს ევროპარლამენტარებს, მათ შორის რასა იუკნევიჩიენეს.

ფოტიგა X-ზე პოსტს წერს და ამბობს, რომ თავადაც ხშირად უწევს ქართული ოცნების წევრების მხრიდან "შეურაცხყოფის ჩაყლაპვა".

"მე ვამაყობ ჩემი ცხოვრების წესით, სოლიდარობის მოძრაობით, ჩემი კავშირებით პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან და თავისუფლების მხარდაჭერით მთელ მსოფლიოში, რომელსაც მე წინ ვწევ, როგორც ევროპარლამენტის წევრი. ამრიგად მე ვყლაპავ შეურაცხყოფას, რომელიც ჩემი მისამართით არის გამოთქმული ქართული ოცნების წევრების მხრიდან. თუმცა, მე უნდა ვუპასუხო ჩემი მეგობრის რასა იუკნევიჩიენეს მისამართით გაჟღერებულ საზიზღარ შეურაცხყოფას ქართული ოცნების წევრებიდან.

ის ლიეტუველებისთვის გმირია, Sąjūdis-ის მოძრაობის წევრი, ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, ადამიანი, რომლის წვლილიც ჩვენი რეგიონის, მათ შორის საქართველოს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში არ შეიძლება გადამეტებული იყოს. კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს, ის დაიკავებს კუთვნილ ადგილს ისტორიაში", - წერს ფოტიგა. 

დღეს ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში რუსულ კანონთან დაკავშირებით გასამართ დებატებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ "ევროპარლამენტარები გათავხედებულები არიან". ასევე, მან თქვა "არ შეიძლება რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე. რასა, რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გამოვარდნილი ტიპაჟი".

ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა განცხადებები გააკეთეს და ქართული ოცნება რუსული კანონის ინიცირების გამო გააკრიტიკეს. ევროპარლამენტართა ნაწილმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მოითხოვა.

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა კი, თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლის გამო, ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, სანქციები დაუწესდეთ მათ, ვინც მშვიდობიანი აქციის დაშლის ორგანიზატორია. კერძოდ, მან დაასახელა ზვიად ხარაზიშვილი და ვაჟა სირაძე. 


close დახურვა