logo
ENG



ანდრო ივანოვი: რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ

27 მარ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვენ. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს გამოუგზავნა.

გიორგი წურწუმია საქართველოს მხარეს სთხოვს, თანამოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერული რეისის ორგანიზება უზრუნველყოს. „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბრის დროს ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო რთულ პირობებში აღმოჩნდნენ, მათ რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან დაუკავშირდნენ.

„რუსეთში ქართული დიასპორის ფედერალური ორგანოს პრეზიდენტმა წერილი გაგზავნა გიორგი გახარიას სახელზე. წერილი იმიტომ გავაგზავნეთ, რომ პანდემიის დაწყების პერიოდში ჩვენს ოფისში ქართველებისგან ვიღებდით შეტყობინებებს, რომ სამწუხაროდ მათ რუსეთის ტერიტორიაზე ჰყოფნის ვადა ეწურებოდათ. ისინი დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ არ არსებობს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა და ამ დროისთვის არც ტრანზიტული ავიამიმოსვლის შესაძლებლობაა ამ ადამიანებს არსად წასვლა არ შეუძლიათ. ამიტომ ისინი რჩებიან ან წინასწარი დაკავების საკნებში ან მიგრანტებისთვის განკუთვნილ ცენტრებში. ამ ადამიანებს ძალიან უნდათ საქართველოში დაბრუნება“, - განაცხადა ანდრო ივანოვმა.


close დახურვა