logo
ENG



არჩილ თალაკვაძე: თვითიზოლაციის დარღვევაზე კანონი გამკაცრდება

17 მარ 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, შეიმუშავონ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თვითიზოლაციის დარღვევაზე კანონი გამკაცრდება.

მისი განცხადებით, კარანტინის წესის დარღვევის თითოეული შემთხვევა, რაზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა წარმოადგენს რისკს, ამიტომ საჭიროა მკაცრი და გონივრული მიდგომა, რათა კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.

„მინდა, უმრავლესობის ლიდერს ვთხოვო, რომ დაამუშავოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. კარანტინის წესის დარღვევის თითოეული შემთხვევა, რაზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და მათი წარმატებით მართვა შეძლო, წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ ახლა არ გავქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, ვთხოვ, თქვენთან ერთად დაამუშავოს ცვლილებები, რომელიც ამისთვის იქნება საჭირო. ჩვენ გვჭირდება მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რამაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 16 მარტს, მთელი დღის განმავლობაში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი 22 ფაქტი გამოვლინდა.

„თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონიდან 22 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი“,- აცხადებენ შსს-ში.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 34 შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში 1008 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 64 ადამიანი გადის.

 


close დახურვა