logo
ENG



არჩილ თალაკვაძე: ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტსა და მის წევრებზე

12 დეკ 201914:50
3 წუთის საკითხავი
 
xvtmk5l1saw5ken.jpg

 

პარლამენტის თავმდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დაღვრას, საკანონმდებლო ორგანოზე ქიმიურ შეტავად აფასებს. თალაკვაძის განცხადებით, ეს იყო პარლამენტის მუშაობის შეფერხების მცდელობა, თუმცა მისი თქმით, შესვენების შემდეგ სხდომა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

„რაც მოხდა, სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტსა და მის წევრებზე. სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის მერე ივნისში, დღეს ვნახეთ ქიმიური შეტევა პარლამენტზე. რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ მოწამლულია, ნაწილი გადაყვანილია საავადმყოფოებში, ნაწილს ადგილზე უწევენ დახმარებას. შესაბამისი სამსახურები მისცემენ კვალიფიკაციას. ისინი დაადგენენ რა ნივთიერება იყო გამოყენებული და ვის მიერ. ნაცმოძრაობასთან აფილირებულმა ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება და ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო. ამიტომ ამასაც უნდა მიეცეს თავისი შეფასება. შესვენების შემდეგ პარლამენტი მუშაობას გააგრძელებს და განვიხილავთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც დღის წესრიგში იყო. პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს. ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობას, იქნება, შესაბამისი რეაქციები. გთხოვთ, მშვიდად გააგრძელოთ ჟურნალისტური საქმიანობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პლენარული სხდომის მიმდინარეობის დროს, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ორმა პირმა გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. მისი თქმით, სითხე ნაცმოძრაობის დეპუტატებმა დაასხეს. სხდომაზე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესვენება გამოცხადდა და ჟურნალისტებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს.

 

 


close დახურვა