ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს ოპოზიციურ ერთობას და თავად არ სურს მაჟორიტარობა, თუკი ეს საჭირო იქნება.
როგორც პარტიის „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ განაცხადა, ის ემხრობა მაჟორიტარებზე შეთანხმებას და უარყოფითად აფასებს ბექა ნაცვლიშვილის განცხადებას იმაზე, რომ საერთო პოლიტიკურ მაგიდასთან მსხდომ პოლიტიკოსებთან არ ისაუბრებს.
„არ ვოცნებობ მაჟორიტარობაზე. ესეც ჩემთვის განხილულია, როგორც საშუალება იმ შედეგისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს. ეს შეიძლება საჭირო გახდეს ხმების კონცენტრირებისთვის. ვემხრობი საერთო მაჟორიტარებს, თუ შესაძლებელი იქნება, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია. თუ მოხერხდება რამდენიმე ოლქში მაინც და პროცესი ჯანსაღად წარიმართება. თუ პოლიტიკოსი ხარ, უნდა შეგეძლოს საუბარი ყველასთან - ყველასთან არ შემიძლია პარტიაში ყოფნა, მაგრამ დიალოგი შემიძლია ყველასთან, თუ აზრი აქვს ლაპარაკს.
განცხადებები გაკეთდა ახალშექმნილი პარტიის მხრიდან და პოლიტიკურად მყიფე, გამოცდილება სჭირდებათ. მაგიდის ირგვლივ ბევრად გამოცდილი ადამიანები არიან, ვისაც მეტი უბრძოლია, ვიდრე ამ განცხადების ავტორებს. ახლა იწყებენ პოლიტიკურ ცხოვრებას. ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა ეს განცხადება და არ იყო სწორი.
არ მომეწონა, როცა ის ფრაქცია ჩამოყალიბდა - ზოგადად მომხრე ვიყავი. არ მინდოდა არც თავმჯდომარეობა, ეს იყო ტექნიკური დეტალი. მე ვთქვი, რომ პარტიას გავუყვებოდი, მაგრამ მოხდა პარტიის შექმნა კონსპირაციულად და მე არ მიყვარს კონსპირაციები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.