logo
ENG



ასოცირებული ტრიო: მოვუწოდებთ ევროკავშირს, აღიაროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა

16 დეკ 202111:21
3 წუთის საკითხავი
 

ასოცირებული ტრიო მოუწოდებს ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს მათი ევროპული პერსპექტივა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ქვეყნებმა ხელახლა დაადასტურეს სრული მზაობა, იმუშაონ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რასაც სამივე ქვეყნის მოსახლეობის მტკიცე ნება ამყარებს.

"მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დასრულდა. სამიტში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა.

სამიტის ფარგლებში მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც საუბარია, რომ ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვა აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის მთავარ მიზნად რჩება.


close დახურვა