აფეთქებების ხმა ისმოდა ლვივში, სლავიანსკში და ხარკივშიც.
სლავიანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ლვივის მერმა ანდრეი სადოვიმ Telegram-ზე დაწერა, რომ ლვივში დღეს დილით აფეთქებების ხმა გაისმა.
"ლვივში აფეთქებების ხმაა... დარჩით თავშესაფრებში", - წერს ის.
ლვივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
"დაფიქსირდა დარტყმები ლვივის რეგიონში მდებარე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე", - წერს ის. მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენა სთხოვა და გააფრთხილა, რომ არსებობს ახალი სარაკეტო თავდასხმების საფრთხე.
ამასთან, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ ლვივში განხორციელებული თავდასხმების გამო, შეფერხებულია მობილური კავშირი.
ის აღნიშნავს, რომ ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.
ცნობილია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკივშიც.
დღეს დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
დედაქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.