logo
ENG



აფხაზეთის დე ფატო ხელისუფლებამ რუსეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვრებზე კონტროლი გააძლიერა

24 ივნ 202315:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/59gxbx14ych2bw7.jpg

რუსული პროპაგანდისტული მედია, RIA Novosti წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფატო ხელისუფლებამ  რუსეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვრებზე კონტროლი გააძლიერა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის ბრძანება გასცა.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა, ხოლო რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

პრიგოჟინის სიტყვების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს. უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებული აჯანყების მოწოდებაზე გამოძიება დაიწყო.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.


close დახურვა