logo
ENG



აფხაზეთში მომიტინგეები დე ფაქტო პარლამენტის შენობაში შევიდნენ

15 ნოე 202416:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/15/jsrsvxeis6l1mu7.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები დე ფაქტო პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ამასთან, მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც დაიკავეს. როგორც ტელეგრამ არხებით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, მოქალაქეები შენობის დერეფანში წინააღმდეგობის გარეშე გადაადგილდებიან.

ტელეგრამ არხი Respublica წერს, რომ სამართალდამცავები არ ჩანან და დემონსტრანტებს წინააღმდეგობას არავინ უწევს.

დღეს დილიდან სოხუმში დაძაბული ვითარებაა. პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო პარლამენტის წინ ჭიშკარი მანქანის საშუალებით ჩამოიღეს და ტერიტორიაზე შევიდნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირება დემონსტრანტებსა და ძალოვან უწყებებს შორის, მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

მანამდე დე ფაქტო პარლამენტში სესია გაუქმდა, სადაც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმება უნდა განეხილათ. პროექტის მოწინააღმდეგეები შენობის გარეთ შეიკრიბნენ და განხილვის გაუქმებას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ განაცხადა, რომ "რამდენიმე დეპუტატმა ასეთ პირობებში მუშაობაზე უარი თქვა".


close დახურვა