logo

აქტივისტებმა მუმლაძის გირაოს თანხა ააგროვეს - ოცნების ოფისთან დაკავებულმა საპატიმრო დატოვა

16 აპრ 202121:28
3 წუთის საკითხავი
clock 237
ფორმულა

ქართული ოცნების ოფისთან დაკავებული გიორგი მუმლაძე თავისუფალია. სამოქალაქო აქტივისტისთვის დაკისრებული გირაოს თანხა მისმა თანამოაზრეებმა სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე საათში შეაგროვეს.

გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-ლარიანი გირაო სასამართლომ შეუფარდა. სამოქალაქო აქტივისტებმა თანხის შესაგროვებლად სოციალურ ქსელში წამოიწყეს კამპანია #მუმლიკასთვის.

გიორგი მუმლაძე ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე 14 აპრილს დააკავეს. აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ.

შსს-ს მტკიცებით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

უფლებადამცველების განცხადებით, გიორგი მუმლაძისა და სხვა აქტივისტების მიმართ ერთგვარი დევნა მიმდინარეობს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას (GDI)  შეფასებით, აქტივისტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

 

close დახურვა