logo
ENG



აქცია მეჯვრისხევსა და რუისში - ადგილობრივებს წყალი არ მიეწოდებათ

04 ივლ 202013:40
3 წუთის საკითხავი
 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით,  10 დღეზე მეტია, რაც სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, რის გამოც წყლის მოტანა რამდენიმე კილომეტრიდან უწევთ.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდა. მერის განცხადებით, სოფელში დაწყებულია ჭაბურღილის გასუფთავების სამუშაოები და მეჯვრისხევის მოსახლეობის  ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება უახლოეს დღეებში აღუდგება.

„ჭაბურღილის ამორეცხვა მიმდინარეობს, მშენებლები გვპირდებიან, რომ სამშაბათს-ოთხშაბათს დაასრულებენ სამუშაოებს და მოსახლეობა წყალს მიიღებს. ახლა მე მაქვს საუბარი მოსახლეობასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გაიმართეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისშიც. რუისის მოსახლეობამ სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ცენტრალური ავტომაგისტრალი 10 წუთის განმავლობაში გადაკეტა. აქციის მონაწილეების თქმით, ტაშისკარის არხში სარწყავი წყალი, ორი კვირაა, არ  მოედინება. მოსახლეობის განცხადებით, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, გვალვის შედეგად მოსავალი  განადგურებათ.

რუისის მოსახლეობის გარდა, სარწყავი წყლის პრობლემაზე ბებნისის მცხოვრებლებიც საუბრობენ, რომლებიც რუსში გამართულ აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ქარელის მუნიციპალიტეტის მერი და  მელიორაციის სამსახურის წარმომადგენები მივიდნენ. მათ გამოჩენას აქციაზე ხმაური და  სიტყვიერი დაპირება მოჰყვა.

 


close დახურვა