logo
ENG



აღდგეს საგამომცემლო საქმიანობა და ონლაინ გაყიდვები - გამომცემლებისა და მწერლების ღია წერილი

03 აპრ 202000:08
3 წუთის საკითხავი
clock 480

ქართველი გამომცემლები და მწერლები ღია წერილს აქვეყნებენ. ისინი საქართველოს მთავრობას მიმართავენ. საუბარია ონლაინ გაყიდვების აკრძალვაზე, რითაც გამომცემლებმა და არა მხოლოდ, უდიდესი ეკონომიკური ზარალი ნახეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ქართველმა გამომცემლებმა და წიგნის გამავრცელებლებმა გადაინაცვლეს ონლაინ პლატფორმაზე, რათა არ შეფერხებულიყო სასურველი წიგნის მკითხველამდე დროულად და უსაფრთხოების დადგენილი წესებით მიწოდების პროცესი.

"ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ბრძანებით შეიზღუდა საგამომცემლო საქმიანობა და წიგნების ონლაინ გაყიდვები. ცნობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვა საგამომცემლო სფეროს მიმართ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, არ გამოუყენებია მსოფლიოს არც ერთ დიდ თუ პატარა ქვეყანას. რადგან მიჩნეულია, რომ ეს არა მხოლოდ ბიზნესისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის არის გადამწყვეტი, არამედ მოსახლეობისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იზოლაციის დროს წიგნების ხელმისაწვდომობა შენარჩუნდეს",-ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამომცემლები და წიგნის გამარვცელებლები ემორჩილებიან მოქმედ პოლიტიკას, ამიტომ საგამომცემლო სექტორი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სასწავლო პროცესის შეჩერებისთანავე გამოიჩინა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და 6000-ზე მეტი ელექტრონული წიგნი, მათ შორის სახელმძღვანელოები და სხვა დამხმარე რესურსები სრულიად უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

"საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, წიგნების მაღაზიებისა და სხვა ტიპის საჯარო გაყიდვის წერტილების დახურვამ მოკლე დროში უდიდესი ზარალი მიაყენა ამ სექტორს, თუმცა ჩვენ ვცდილობდით ეს ზიანი დამანგრეველი არ ყოფილიყო და ამ მიმართულებით ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ სფეროს სასიცოცხლოდ ეხმარებოდა ონლაინ გაყიდვების კომპონენტი, რისი შეზღუდვის შემთხვევაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა სექტორი, ფაქტობრივად, შეწყვეტს ფუნქციონირებას. იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, რომ აღდგეს საგამომცემლო საქმიანობისა და ონლაინ გაყიდვების შესაძლებლობა, რაც მოგვცემს წიგნის მომზადების, გამოცემისა და მკითხველისთვის მიწოდების საშუალებას",-აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

 

 


close დახურვა