logo
ENG



აშშ-ის საელჩო: ჟენევის მოლაპარაკებებს გადამწყვეტი როლი აკისრია ჰუმანიტარულ საკითხებში

08 ოქტ 202016:45
3 წუთის საკითხავი
 
8gbqijv7qnl28rz.jpg

საქართველოში ამერიკის საელჩო ჟენევის მოლაპარაკების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საელჩო თბილისში იზიარებს საქართველოს შეშფოთებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ერთი მონაწილის არდასწრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

აშშ-ს საელჩო განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დეკემბრის რაუნდში სრული მონაწილეობით და პერსონალური დასწრებით, მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ უნდა წარმოაჩინოს მხარდაჭერა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ.

"ახლა, ისე, როგორც არასდროს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს გადამწყვეტი როლი აკისრია კრიტიკული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის გამართვაში, მათ შორის იმ საჭიროებებზე, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო არათანაზომიერად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სხვა მოწყვლად მოსახლეობას გააჩნიათ", - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო გმობს რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებს და მოუწოდებს მათი მყისიერი გათავისუფლებისაკენ.

"მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების გამო, რომლებიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების აკრძალვას შეეწირნენ. უნდა შეწყდეს რუსეთის ქმედებები, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ამ რთულ პერიოდშიც კი, მისია განაგრძობდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას", - აცხადებენ საელჩოში.

განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი ჩაშალა.

პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, პანდემიის პირობებში მოლაპარაკებების ჩაშლა განსაკუთრებით სახიფათოა გლობალური პანდემიის პირობებში, რადგან საოკუპაციო ხაზს იქით მყოფ ადამიანებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ.


close დახურვა