საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს.
"აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს. ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ვრჩებით სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მათი ოჯახების გვერდით, ისინი მართლაც გლობალური ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.
მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ამ პანდემიის ყოველ ახალ ეტაპზე", - წერია განცხადებაში.
ახალციხეში, გუშინ 18 მარტს კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის. ასევე, ექთნის გარდაცვალებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
რაც შეეხება სავარაუდო ანაფელაქციურ რეაქციას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ "ანაფილაქსია შეიძლება მარტივ წამლებზეც განვითარდეს". ანალოგიურ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრიც აკეთებს და აღნიშნავს, რომ "ანაფილაქსია მხოლოდ ვაქცინის გართულება არაა, წელიწადში 60-80 შემთხვევა გვაქვს".
გარდა ამისა, ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი".