logo

აშშ: იმედგაცრუებულები ვართ ვაშინგტონში გულწრფელი საუბრების არასწორი გადმოცემით

17 აპრ 202115:23
3 წუთის საკითხავი
clock 3197

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო ევროპასა და აზიაში ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ ვაშინგტონში გულწრფელი საუბრების არასწორი გადმოცემით იმედგაცრუებულია. 

"ქართველი ხალხი იმსახურებს, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიაღწიონ კომპრომისს. ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. იმედგაცრუებულები ვართ ვაშინგტონში გულწრფელი საუბრების არასწორი გადმოცემით". - წერია განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა. 

 

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა - ის 12 აპრილს გაემგზავრა და სენატორებს: ჯიმ რიშს და ჯინ შაჰინს, ასევე, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს ხშირად აკრიტიკებენ. 

კობახიძე ასევე შეხვდა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს, ჯორჯ კენტს და ეროვნული უშიშროების საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორს, კრის სმითს; NDI-ისIRI-ისNED-ისა და IFES-ის პრეზიდენტებს. 

16 მარტს კობახიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ აშშ-ში მისი ვიზიტი დასრულდა. 

მოგვიანებით მან თქვა, რომ შეხვედრებზე პარტნიორებთან კრიზისის დაძლევის გზებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პარტნიორებისგან მიიღო მინიშნებები, რომ ქართული ოცნებისგან, როგორც მმართველი პარტიისგან, არსებობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი.

"ჩვენ გვესმის მინიშნება, რომ ქართული ოცნება არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისის მიმართულებით, რაც არაერთხელ დავადასტურეთ.

ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა, ეს რჩევები არის ძალიან საინტერესო და ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკურ პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

14 აპრილს ამერიკის ხმის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი  კვლავ იმედგაცრუებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეუთანხმებლობის გამო, რაზეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა, მათი თქმით, ხელისუფლებას აკისრია.  

close დახურვა