logo
ENG



აშშ ღაზაში დახმარების მიწოდებისთვის დროებით პორტს ააშენებს

08 მარ 202400:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/08/45vxlavbbgli994.jpg

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესში მიმართვის დროს გამოაცხადებს, რომ საზღვაო გზით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შეერთებული შტატების სამხედროები ღაზას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დროებით პორტს ააშენებენ. ამის შესახებ ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელებმა განაცხადეს.

ოპერაციის დაგეგმვა არ ითვალისწინებს ღაზაში ამერიკელი სამხედრო პერსონალის განლაგებას, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა ბრიფინგზე. ობიექტზე განთავსდება დიდი გემები, რომლებიც გადაიტანენ წყალს, მედიკამენტებსა და დროებით თავშესაფრებს.

მათივე თქმით, ჰამასი აჭიანურებს ახალი შეთანხმების დადებას ისრაელთან ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, რადგან ისინი მოხუცი და ავადმყოფი მძევლების გათავისუფლებას არ დათანხმდნენ.

ისრაელის ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ისრაელი "სრულიად უჭერს მხარს ღაზას სანაპიროზე დროებითი კონსტრუქციის განთავსებას და ოპერაცია ორ მხარეს შორის სრული კოორდინაციით განხორციელდება".

დროებითი პორტი ღაზაში დაზარალებული პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გაზრდის. ამასთან, ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ უსაფრთხოების საკითხებში აშშ ისრაელთან იქნება კოორდინაციაში. ოპერაციის დაგეგმვასა და ჩატარებას რამდენიმე კვირა დასჭირდება და საჭირო ძალები უკვე იმყოფებიან რეგიონში ან მალე გაემგზავრებიან იქ.

აშშ-ის ოპერაცია დაეფუძნება კვიპროსის მთავრობის ინიციატივას, რომელიც ლარნაკას საპორტო ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას ითვალისწინებს და რომელიც ღაზადან 210 საზღვაო მილის დაშორებით მდებარეობს. ეს საშუალებას მისცემს ისრაელს ტვირთები ღაზაში შეყვნამდე შეამოწმონ.


close დახურვა