აშშ Nord Stream 2 AG-ს, გაზპრომის შვილობილ შვეიცარიულ კომპანიას, რომელიც გაზსადენის მშენებლობაშია ჩართული, ახალი სანქციები დაუწესებს.
"ეს ნაბიჯები სანქციების საწყისი ტრანშის ნაწილია, უკრაინაში რუსეთის ქმედებების პასუხად. როგორც ვთქვი, თავს არ შევიკავებთ შემდგომი ნაბიჯებისგან, თუ რუსეთი ესკალაციას განაგრძობს“, - ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.
ბაიდენი მანამდე მიესალმა გერმანიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს გაზსადენის სერტიფიკაცია.
გერმანიამ ჩრდილოეთის ნაკადის შეჩერებაზე გადაწყვეტილება 22 თებერვალს გამოაცხადა.
- წაიკითხეთ, რა სანქციები დაუწესდა რუსეთს მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ჯარები შეიყვანა.
რა არის Nord Stream 2?
Nord Stream 2 (ჩრდილოეთის ნაკადი 2) 1 200-კილომეტრიანი გაზსადენია, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას ისახავს მიზნად.
იგეგმებოდა, რომ გაზსადენით გერმანიას რუსეთიდან ყოველწლიურად ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი უნდა მიეღო. პროექტის ღირებულება 10 მილიარდი ევროა. მისი მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა და ოქტომბერში მილების გაზით შევსებაც დაიწყო.
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბევრი იმუშავა Nord Stream 2-ის პროექტისთვის. გერმანიის გაზმომარაგების 35% ისედაც რუსულ ბუნებრივ აირს უჭირავს. მერკელი იმედოვნებდა, რომ ამ გაზსადენით უფრო მარტივად იქნებოდა შესაძლებელი რუსეთიდან გაზის მიღება პირდაპირ გერმანიაში.
ანგელა მერკელის წინამორბედი, გერჰარდ შრედერი კი 2016 წლიდან Nord Stream 2-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას "საშიში პოლიტიკური იარაღი უწოდა". პროექტი საფრთხეს უქმნის პოლონეთის ინტერესებსაც.
გარდა ამისა, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი აჩენს შიშებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და განსაკუთრებით გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები გახდებიან. სწორედ ამ მიზეზით, აშშ და დიდი ბრიტანეთი ეწინააღმდეგებიან Nord Stream 2-ის პროექტს.
2021 წლის ივლისში გერმანიამ და აშშ-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ამერიკა დაუშვებდა გაზსადენის შენებას ისე, რომ დამატებითი სანქციები არ დაეწესებინა, სანაცვლოდ კი გერმანია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივებდა რუსეთსა და უკრაინაზე ბუნებრივი აირის ტრანზიტის კონტრაქტს. დოკუმენტს ვადა 2024 წელს გასდის.
2021 წლის ნოემბერში აშშ-მ სანქციები ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან დაკავშირებით სანქციები დააწესა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი განალაგა, როგორც აშშ-ის მხრიდან Nord Stream-ის პროექტზე სანქციების გამკაცრების საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა.
