logo
ENG



დასავლეთის სანქციები რუსეთს - რას მოიცავს და რა გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე

23 თებ 202217:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/23/ys2exbs4z6x6t5i.jpg
Getty Images

21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.

საპასუხოდ, აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყეს. მათი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და რუსეთი მხრიდან დამატებითი აგრესიის შემთხვევაში სანქციების ნაკადიც არ შეწყდება.

სანქციების ნაწილი უკვე გაასაჯაროვა აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სხვა დასავლურმა ძალებმა.

რა არის სანქცია?

სანქცია არის ჯარიმა, რომელსაც ერთი ქვეყანა მეორეს უწესებს, იმისთვის რომ მას შეაწყვეტინოს აგრესიული ქმედებები ან საერთაშორისო სამართლის დარღვევა. სანქციები ხშირად ქვეყნის ეკონომიკაზე, ინდივიდუალური მოქალაქეების ფინანსებზე ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად.

სანქციები შესაძლოა ასევე მოიცავდეს მოგზაურობაზე შეზღუდვებსა და იარაღით ვაჭრობაზე ემბარგოს დაწესებას. სანქციები არის ერთ-ერთი ის უკიდურესი ზომა, რომელიც ქვეყნებს შეუძლიათ ომის მდგომარეობის დაწყებამდე მიიღონ. 

აშშ

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს ამერიკის მხრიდან რუსეთისთვის მომზადებული სანქციების პირველ ნაწილი გამოაცხადა. ამერიკის დაწესებული სანქციები ფინანსურ ინსტიტუტებს, რუსულ სუვერენულ ვალსა და ელიტებს დაუწესდათ.

აშშ-ის მიერ ბანკებისთვის დაწესებული სანქციები ძირითადად რუსეთის მხრიდან მათი სამხედრო დანაყოფების დაფინანსების შესაძლებლობებზე ზიანის მიყენებას ემსახურება. მათი თქმით სანქციები ვრცელდება 2 სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ბანკზე, რომლებიც, აშშ-ის ცნობით, პირდაპირ არიან დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სექტორთან. ესენია VEB და სამხედრო ბანკი Промсвязьбанк. ამ ბანკებს ამიერიდან აშშ-ში საქმიანობა და ამერიკის ფინანსურ სისტემებთან წვდომა აღარ ექნებათ.

ამერიკამ სანქციები ასევე დაუწესა რუსული ელიტის 5 მნიშვნელოვან წარმომადგენელს. ამ სანქციების მიხედვით, ზემოთ ნახსენები 2 ბანკი და ელიტის წარმომადგენლები აშშ-ის საბანკო სისტემიდან მოიხსნებიან,  ამერიკელებთან ვაჭრობა აეკრძალებათ და მათი აქტივები გაიყინება. 

ამასთან, აშშ-ის სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალსაც შეეხება, რაც ბაიდენის თქმით, იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობა და ბიზნესი იზოლირდება დასავლური დაფინანსებისგან. ის ვეღარ მოიზიდავს ფულს დასავლეთიდან და ვეღარ ივაჭრებს თავისი ახალი ვალით აშშ-ის ან ევროპის სავაჭრო ბაზრებზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემდეგ ბაიდენმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ამერიკის მოქალაქეებს ამ რეგიონებში ინვესტიციები და ფინანსური საქმიანობა ეკრძალებათ.

როიტერსის ინფორმაციით, აშშ ასევე გეგმავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას დასავლურ ფინანსურ კომპანიებთან წვდომა შეუწყვიტოს. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს რუსეთის სხვა დიდ ბანკებისთვის სანქციების დაწესება და მათი გლობალური საფინანსო სისტემიდან გათიშვაც შეუძლია.

აშშ-ის სანქციების არსენალში ასევე განიხილება ექსპორტის კონტროლიც, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ზომა და დარტყმა რუსეთის ეკონომიკაზე.  

ევროკავშირი

ევროკავშირმა რუსეთის დუმის იმ 351 წევრს დაუწესა სანქციები, ვინც ვლადიმირ პუტინს დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მიმართა.

ევროკავშირი ასევე  რუსეთის 27 მოქალაქესა და ორგანიზაციას, მათ შორის ბანკებსაც უწესებს სანქციებს. ამ სანქციის ნაწილია ევროპის კაპიტალის ბაზრებზე წვდომის შეზღუდვაც და ევროკავშირსა და უკრაინის 2 სეპარატისტულ რეგიონს შორის ვაჭრობის აკრძალვა.

დაწესებულ სანქციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანიის მხრიდან გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერებაა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გუშინ განაცხადა, რომ ეს გერმანიის პასუხია რუსეთის ქმედებებზე.

ჩრდილოეთის ნაკადი 2 $11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია, რომლის ნახევარსაც რუსული სახელმწიფო კომპანია, გაზპრომი ფლობს.

აღსანიშნავია, რომ გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ამ დრომდე გერმანიის ხელისუფლებისგან რეგულირების სერტიფიკატს ელოდება.

Nord Stream 2 (ჩრდილოეთის ნაკადი 2) 1 200-კილომეტრიანი გაზსადენია, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას ისახავს მიზნად.

გაზსადენით გერმანიას რუსეთიდან ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი უნდა მიეღო. მისი მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა და ოქტომბერში მილების გაზით შევსებაც დაიწყო.

ჩრდილოეთი ნაკადი 2-ს წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიწოდება შეეძლო. საუბარია 15 მილიარდის ღირებულების ბუნებრივ აირზე, რაც გერმანიის ყოველწლიური მოხმარების 50%-ს შეადგენს.

გაზპრომი რუსეთის ხელისუფლების მფლობელობაშია. კომპანია ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ნახევარს ფლობს. გაზსადენის მეორე ნახევარს კი დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და გერმანიის რამდენიმე კომპანია იყოფს.

ახალი გაზსადენი, ფორმალურად, ევროპის მოსახლეობისთვის ბუნებრივის აირის გადასახადის შემცირებას ისახავდა მიზნად. ჩრდილოეთის ნაკადი 2 უკრაინასა და ბელარუსში არსებული გაზსადენის ალტერნატიულ პროექტად განიხილებოდა.

გაზპრომის თქმით, ჩრდილოეთის ნაკადი 2 უკრაინის მოძველებული გაზსადენის ალტერნატივა იქნებოდა და ევროპას გაზს ტრანზაქციული ხარჯების თავიდან არიდებით უფრო დაბალ ფასად შესთავაზებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინისთვის, როგორც ტრანზიტული რეგიონისთვის გადასახადის გადახდა აღარ მოუწევდა.

ევროკავშირი და აშშ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის რეალიზაციას ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება გაიზრდება და ამასთანავე უკრაინისთვის სატრანზიტო გადასახადი გაუქმდება, რაც მათი აზრით უკრაინას კიდევ უფრო მოწყვლადად აქცევს რუსეთის აგრესიის წინაშე.

თავის მხრივ უკრაინაც დიდი ხანია ეწინააღმდეგება ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის განხორციელებას. გაზსადენის ინფრასტრუქტურა უკრაინას გვერდს აუვლის, შესაბამისად გაუქმდება ის 1 მილიარდის ღირებულების  ყოველწლიური შემოსავალი, რასაც უკრაინა გაზის ტრანზიტიდან იღებდა. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ რუსეთი ნაკლებად იქნება დამოკიდებული უკრაინასთან თანამშრომლობაზე.

ევროპა შიშობს, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის განხორციელების შემთხვევაში რუსეთი გაზს გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს, ვინაიდან ევროპა მოხმარებული გაზის უდიდეს ნაწილს იმპორტით იღებს, იმპორტირებული გაზის უდიდესი ნაწილი კი რუსეთიდან იქნება.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ პროექტის შეწყვეტის შედეგად მოსალოდნელია, რომ ევროპაში გაზის ფასი მოკლე ვადებში გაიზრდება. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უსაფრთხოების საბჭოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი მედვედევმა კი გუშინ განაცხადა, რომ ევროპაში გაზზე ფასი გაორმაგდება.

კრემლი იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთის ნაკადზე შეზღუდვები დროებითია. პუტინმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია, მსოფლიოსთვის ენერგორესურსების მიწოდება უწყვეტად გააგრძელოს.

გარდა ჩამოთვლილი სანქციებისა, ევროკავშირს ასევე შეუძლია კიდევ ერთი, მძლავრი ზომა მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ -  გათიშოს ის მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან (SWIFT).

SWIFT - არის გლობალური კომუნიკაციის სერვისი, რომელსაც ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ. რუსეთის ამ საზოგადოებიდან ამოშლა წევრ ფინანსურ ინსტიტუტებს გაურთულებს რუსეთში ფულადი ტრანზაქციების განხორციელებას. ამ გადაწყვეტილების ამოქმედებას მოჰყვება მოულოდნელი შოკი რუსული კომპანიებისა და უცხოელი მომხმარებლებისთვის -  განსაკუთრებით მათთვის, ვინც რუსეთისგან ნავთობსა და გაზს ამერიკულ დოლარებში ყიდულობს.

აღსანიშნავია, რომ ეს ზომა ორგანიზაციამ 2012 წელს ირანის წინააღმდეგ გამოიყენა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა მას ბირთვული იარაღის გამო სანქციები დაუწესა.

2014 წელს, როცა ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ამ ზომის გამოყენება განიხილებოდა, ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა დაიანგარიშა, რომ რუსეთის SWIFT-დან გაშვება ქვეყნის ეკონომიკას 5%-ით შეამცირებდა.

დიდი ბრიტანეთი

დიდმა ბრიტანეთმა გუშინ 5 რუსულ ბანკსა და 3 რუსი მილიონერს სანქციები დაუწესა. თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი.

ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს.

სანქცირებულ ადამიანების აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ჩასვლა, ასევე, გაიყინება მათი ის აქტივები, რომლებსაც ამ ქვეყანაში ფლობენ. ამასთან, დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს აეკრძალება დასახელებულ ადამიანებთან ფინანსური თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ როტენბერგები SGM Group-ის მეწილეები არიან, ეს კომპანია ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე მუშაობს. ტიმჩენკო კი კერძო ინვესტიციების კომპანია Volga Group-ის მფლობელია. სამივე მათგანს აშშ-მ წარსულში უკვე დაუწესა სანქციები.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სუპერმდიდარი რუსების ქონება $32 მილიარდით შემცირდა. მათ შორის ყველაზე დიდი ფინანსური ზიანი გენადი ტიმჩენკოს მიადგა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მან მიმდინარე წელს ქონების თითქმის მესამედი დაკარგა.

ტიმჩენკო, საბჭოთა ოფიცრის ვაჟი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 1990-იანი წლების დასაწყისში დაუმეგობრდა, ახლა დაახლოებით $16 მილიარდის ქონებას ფლობს და სიმდიდრის უმეტესი ნაწილი რუსული გაზის მწარმოებელ Novatek-ის წილზე მოდის.

Novatek-ის ერთ-ერთი მეწილის, ლეონიდ მიხელსონის წმინდა ქონება წელს $6,2 მილიარდით შემცირდა, ხოლო ლუკოილის თავმჯდომარემ, ვაგიტ ალეკპეროვმა დაახლოებით $3,5 მილიარდი დაკარგა იმ პერიოდში, როდესაც ენერგეტიკული კომპანიის აქციები თითქმის 17%-ით დაეცა.

მოსალოდნელია, რომ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში რუსი მილიარდერები კიდევ უფრო მეტი თანხას დაკარგავენ.

ბრიტანეთი ასევე აცხადებს, რომ ამზადებს სანქციებს იმ რუსი კანონმდებლებისთვისაც, ვინც უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომები მიიღოს, იმ შემთხვევაში თუ აგრესია გაგრძელდება. ტრასის თქმით, ისინი ბრიტანეთის ბაზარზე რუსეთის ხელისუფლებასა და კომპანიებს ფინანსურ მოქმედებებზე შეზღუდვებს დაუწესებენ, შეზღუდავენ ექსპორტს და რუსულ ბანკებს გლობალური ეკონომიკიდან კიდევ უფრო გამოთიშავენ.

სხვა ქვეყნები

რუსეთს სანქციები ასევე დაუწესა ავსტრალიამ, იაპონიამ და კანადამ.

პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა სანქციებს უწესებს რუსეთის პარლამენტის წევრებს, რომლებმაც აღიარეს სეპარატისტული ტერიტორიები აღმოსავლეთ უკრაინაში. სანქციების მიხედვით, აიკრძალება ფინანსური ურთიერთობა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან.

პრემიერის თქმით, კანადა სანქციებს აწესებს რუსეთის სუვერენულ ვალზეც. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი, ასევე მზად არიან სანქციები დაუწესონ რუსეთის ბანკებსა და ინდივიდუალურ ოლიგარქებს.

იაპონიის პრემიერმა, ფუმიო კაშიდამ კი განაცხადა, რომ იაპონია შეაჩერებს ვიზების გაცემას და გაუყინავს აქტივებს მათ, ვინც აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობას.

კაშიდას არ დაუკონკრეტებია იმ კონკრეტული ადამიანების სია, ვისაც ეს სანქციები შეეხება. იაპონია ასევე აპირებს დონეცკიდან და ლუგანსკიდან ექსპორტსა და იმპორტს აკრძალავს, ასევე აკრძალავს რუსული ობლიგაციების გამოცემასა და ბრუნვას იაპონიაში. 

უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, სანქციები დააწესა ავსტრალიამაც. პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, ავსტრალია პირველ რიგში დააწესებს მოგზაურობის აკრძალვასა და მიზნობრივ ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს 8 წევრზე - ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და თავდაცვის მეთაურებზე.

ავსტრალიურ ბანკებთან ტრანზაქციები აეკრძალა 5 რუსულ ბანკს, ესენია: რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკი, სამხედრო ბანკი Промсвязьбанк, ВЭБ, IS ბანკი, გენერალური ბანკი და შავი ზღვის ბანკი.

კანბერა ეკონომიკურ სანქციებს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებსაც დაუწესებს. არსებული სანქციები გავრცელდება რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმსა და სევასტოპოლზეც. 

---

მოსკოვის აგრესიის ფინანსური ნაყოფი უკვე თავს იჩენს.

მოსკოვის ბაზარზე აქციების ფასი ორშაბათს 10%-ით, სამშაბათს კი 1.5%-ით დაეცა, რამაც წელს რუსეთს 20%-იანი დანაკარგი უკვე მოუტანა. 

რუსული ნავთობის კომპანია Rosneft-ის აქციების ფასი სამშაბათს 7.5%-ით დაეცა. ჯამში მხოლოდ ამ კვირაში, რუსულ აქციების ფასი 25 მილიარდი დოლარის ეკვივალენტით შემცირდა.

მოსალოდნელია, რომ დაძაბულობის ფონზე რუსული აქციების ბაზარზე ფასები კიდევ უფრო დაიკლებს.

Capital Economics-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით ყველაზე ხშირად გამოყენებული სანქციების დაწესებით რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა 1%-ით შემცირდეს, თუმცა უფრო აგრესიული ზომების მიღების შემთხვევაში, მაგალითად როგორიცაა რუსეთის დაბლოკვა SWIFT-დან, მოსალოდნელია, რომ რუსეთის ეკონომიკური წარმოება 5%-ით შემცირდება.

ავტორი: ნია აფციაური


close დახურვა