"მე ვარ ჟურნალისტი და არა მსახიობი", "ვმუშაობ საზოგადოებისთვის და არა დირექტორისთვის", "იკითხე ჩვენი სტატიები და არა მიმოწერა" - აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები დირექტორისგან, გიორგი კოხრეიძისგან შანტაჟისა და ზეწოლის შეწყვეტას ამ გზავნილებით და საპროტესტო აქციით მოითხოვენ. ჟურნალისტების თქმით, შეხვედრაზე ახლად არჩეულმა დირექტორმა განუცხადა, რომ საერთაშორიო კვლევები, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია დაბალანსებული მედიაა, მისთვის სანდო არ არის.
გიორგი კოხრეიძე ტელევიზიის თანამშრომლებს პარტიული დღის წესრიგით მუშაობაში ადანაშაულებს. ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ კოხრეიძე მათ ჩანაწერებით ემუქრება. მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე გიორგი კოხრეიძეს მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა გამოუცხადეს. არჩევიდან მალევე დირექტორის მოადგილეს, ნათია ზოიძეს კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოიძის თქმით, დირექტორი მას სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა.
აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობა რომ საფრთხეშია, ამ საკითხზე სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ღიად ისაუბრა ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა. ნათია ზოიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძეს არ მოსწონს საინფორმაციო რედაქციის კრიტიკული ტონი და სწორედ ამ მიზეზით სარედაქციო პოლიტიკიდან მის ჩამოშორებას ცდილობს. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია ჟურნალისტების განცხადებებში საგანგაშო პრობლემებს ხედავს.
გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 22 ნოემბერს აირჩია, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ. ამ შემადგენლობაში მრჩევლების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ კვოტითაა წარმოდგენილი. მედიაექსპერტები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ღია ჩარევაზე საუბრობენ.