აჭარის ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძესა და "ქართული ოცნების" სხვა წევრებს შეხვდნენ. მაუწყებლობის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ მოცემულ მომენტში ჟურნალისტები მუშაობენ თავისუფალ სარედაქციო პირობებში.
"ვერავინ გვეტყვის, რომ ამ დღეების განმავლობაში ვინმემ რომელიმე ჟურნალისტს დაავალა ხელისუფლების მისამართით აღარ იყოს კრიტიკა და ა.შ. ჩვენი საქმე არა საბოტაჟის, არამედ სამუშაო პირობებში უნდა გავაგრძელოთ. მე ვიქნები პასუხისმგებელი იმაში, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს",- აღნიშნა გიორგი აბაზაძემ.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, სოფო კილაძე აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ხელისუფლების მხრიდან გამორიცხავს. მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი. კილაძე ამბობს, რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური პარტიების ჩარევისგან.
"როდესაც ვსაუბრობთ, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი რჩევისგან, აქ იგულიხმება როგორც ხელისუფლება ასევე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა. სამწუხაროდ აღიქმება ისე, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი ხელისუფლების გავლენებისგან. როდესაც ვსაუბრობთ თავისუფალ მედიაზე, ის ასევე ოპოზიციის გავლენებისგანაც უნდა იყოს თავისუფალი",-აღნიშნა კილაძემ.