ბათუმში მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
თავდაპირველად თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფიცირებული იყო დაწესებულების 25 ბენეფიციარი და 10 თანამშრომელი, თუმცა მოგვიანებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია დააზუსტა. უწყებაში განაცხადეს, რომ Covid 19 თავშესაფრის 13 ბენეფიციარს და 7 თანამშრომელს ჰქონდა დადასტურებული.
„თავშესაფარში გამოვლინდა 20 ახალი შემთხვევა, აქედან 13 ბენეფიციარია, ხოლო 7 პერსონალი. ველოდებით კიდევ 5 ბენეფიციარის ტესტი პასუხს“, - აცხადებენ სამინისტროში.
თავშესაფრის დირექტორი ამბობს, რომ ბენეფიციარების და თანამშრომლების წყარო მისთვის უცნობია. დეკანოზის თქმით, დაწესებულება 2 სექტემბრის შემდეგ კარანტინის რეჟიმზე გადავიდა, 10 სექტემბრიდან კი ყველა მობინადრე და თანამშრომელი თვითიზოლაციაში იყო.
"ვაგრძელებთ საკარანტინე და თვითიზოლაციაში ცხოვრების წესს. ამჟამად გვყავს 90 მობინადრე. მჭიდრო კავშირი გვაქვს ეპიდემიოლოგებთან. ვცდილობთ, რომ ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად დავიცვათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტის წინაშე დავდექით", - განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.
საქართველოში დღეს, 29 სექტემბერს, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 314-ით გაიზარდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 8 664 PCR ტესტი ჩატარდა.