logo
ENG



ბაქრაძე: არ ვაპირებ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც უპარტიო დეპუტატი

13 მაი 202112:08
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ევროპული საქართველოს ყოფილი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს და არც საპარლამენტო თანამდებობის დაკავებას გეგმავს. 

"მე გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც დავტოვე ევროპული საქართველო, ვთქვი, რომ პარტიული პოლიტიკიდან ვიღებდი პაუზას, შესაბამისად, არ ვაპირებ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო  დეპუტატი. 

შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამდებობები, ოპოზიციის წევრებისთვის იმისთვის, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა. ასევე, ჩემი გადაწყვეტილებაა არ ვიყარო კენჭი არცერთ იმ თანამდებობაზე, რომელსაც განსაზღვრავს შარლ მიშელის დოკუმენტი", - ამბობს ბაქრაძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გაუწევდა ანგარიშს იმას, რომ სტრატეგია აღმაშენებელი მის გარეშე ფრაქციას ვერ შექმნიდა, ბაქრაძე პასუხობს, რომ მოლაპარაკებების ერთ-ერთი განსახილველი საკითხია, ფრაქციის წევრების რაოდენობის შემცირება, რასაც იმედოვნებს, რომ შესრულდება. 

დღეს, 13 მაისს პარტია ლელომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან, სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის სახელწოდება იქნება "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". მისივე თქმით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება სალომე სამადაშვილი.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა


close დახურვა