დროების კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე უნივერსიტეტის ქუჩაზე, ერთერთ შენობაში იმყოფებოდა.
დროების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ორი კვირით ადრე ახალ სამსახურს ეძებდა და მისი მონაცემები კომპანია "კონექტში" ჰქონდა გადაგზავნილი. კომპანია უნივერსიტეტის ქუჩაზე 17 ნომერში მდებარეობს.
დროებას წყარო უყვება, რომ ამავე კომპანიაში ბაჩალიაშვილს კონკრეტული დავალება მისცეს, რომელიც 20 ივლისს უნდა მიეტანა. რა ტიპის დავალებაზეა საუბარი უცნობია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ პროგრამისტისგან მხოლოდ cv მიიღეს.
კომპანია კონექტის შესახებ გამოძიება, სავარაუდოდ, ინფორმირებულია. დროების ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე იცის სად გაგზავნა, ბაჩალიაშვილმა CV გაუჩინარებამდე ორი კვირით ადრე. ამას ადასტურებს იმავე შენობაში არსებული VTB ბანკის თანამშრომელი, რომელიც ადასტურებს, რომ სამართალდამცველები შენობის სათვალთვალო კამერით დაინტერესდნენ.
კომპანია "კონექტის" მიმდებარე ტერიტორიაზე 4 სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. აქედან მხოლოდ ორი - "ვითიბი" ბანკის კამერა მუშაობს. შენობის ბალანსზე არცერთი კამერა არაა. კორპუსის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გვიყვება, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ სამართალდამცველებმა კამერები ნამდვილად მოიკითხეს, თუმცა მისი ინფორცმაციით ეს ამ რეზონანსულ საქმეს არ ეხებოდა. კომპანია კონექტის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.
პროკურატურამ 4 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ 17 ივლისს რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქში წამლები იყიდა, თუმცა ამ დრომდე არ არის გასაჯაროებული დრონის კადრები, სადაც ბაჩალიაშვილის სამძებრო ოპერაცია უნდა ასახულიყო.
გარდა დრონის კადრებისა ოჯახი სატელიტის ფოტოებს და FBI – სთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროვებას ითხოვს, რომელმაც ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა. პროკურატურაში ამბობენ, რომ მათ კომუნიკაცია აქვთ როგორც კერძო კომპანიებთან, ისე მეზობელ და ევროპულ ქვეყნებთან, საიდანაც ელოდებიან ინფორმაციას სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით. ოჯახს ასევე აინტერესებს სად გაქრა მეხსიერების ბარათი, რომელიც თამარს სულ მანქანის გასაღებზე ჰქონდა.
ამ დრომდე საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ოჯახი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და სუიციდის ვერსიის ისევ არ სჯერა.