logo
ENG



ბერბოკი: წარმოუდგენლად მტკივნეულია, მთავრობა ბლოკავს ქართველების ოცნებას EU-ის წევრობაზე

27 მაი 202414:08
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საკითხზეც ისაუბრა.

მისი თქმით, "წარმოუდგენლად მტკივნეულია", რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს ხალხის ოცნებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე კანონით, რომელიც შეფასდა, როგორც შეუსაბამო ევროპულ ღირებულებებთან.

"ჩემთვის წარმოუდგენლად მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს საკუთარი ხალხის ამ დიდ ოცნებას და უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდების ოცნებას, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. ბლოკავს იმ კანონით, რომელზეც ევროპულმა საბჭომ თქვა, რომ ამ კანონით შეუძლებელია და ის ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. ასეთი ქმედებებით საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება საკუთარ მოსახლეობას, რომელიც როგორც ვხედავთ, ისევ და ისევ გამოდის ქუჩებში. ამ გზით მთავრობა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დავუდასტურეთ ქართველებს მათი ევროპული პერსპექტივა და შესაბამისად, ხელი გავუწოდეთ, მაგრამ ცხადია, რომ ევროპულ გზაზე დადგომა შეიძლება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობას სურს ამ გზაზე ყოფნა, არამედ ამისთვის საჭიროა მთავრობაც. ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ამ კანონის ხელმოწერა, ისიც, რომ ხალხი, რომელიც ქუჩაშია გამოსული მკაფიოდ ამბობს, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული, რასაც ამბობს ევროპული საბჭოც, ხაზს უსვამს, რომ ყველა აქტორს სურს, გააკეთონ ყველაფერი იმის მისაღწევად, რომ საქართველომ შეძლოს ევროპული გზით სიარული, რადგანაც სხვა შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება", - თქვა ანალენა ბერბოკმა. 

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭოზე სხვა ქვეყნების საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.


close დახურვა