რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განპირობებულია მიხეილ სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით.
ბერძენიშვილის თქმით, მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა.
"ხელისუფლებავ!!! აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ? 3500 ჰექტარს ედავებით? საზღვრის დადგენაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაპატიმრება განპირობებულია სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით", - წერს ბერძენიშვილი.
ის მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებას სახელმწიფოსთის უაღრესად სახიფათო ქმედებას უწოდებს.
"თალაკვაძე კითხულობს ახლა, 1945 წ. რუკით რატომ ხელმძღვანელობდა ქართული მხარე და არა უფრო ადრინდელი, 1938 წ. რუკითო? მერე რა, რომ დედანი არ გვქონდაო... სრული უმეცრება. არა მარტო სამარცხვინოა ივანიშვილის ეს ქმედება, არამედ უაღრესად სახიფათოც. ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!! რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს???", - აცხადებს ბერძენიშვილი.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საჯაროდ ვერ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რას ეკითხებოდა მათ გამოძიება.
ივერი მელაშვილმა ფორმულასთან არაერთხელ თქვა, რომ რჩება განცდა, რომ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის და საზღვრის დამდგენი კომისიის საკითხის წამოწევის უკან "შესაძლოა, სხვა ინტერესები იდგეს".
ნატალია ილიჩოვამ კი განაცხადა, რომ კითხვები, რომლებსაც მას გამომძიებლები უსვამდნენ, საქმეს სცდება. ილიჩოვას თქმით, "შოკირებულია თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და პროკურატურის დაწყებული გამოძიებით და საქმის დაწყების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს ხედავს".