logo
ENG



ბიზნეს სექტორისთვის პრემიერ-მინისტრის მუქარა გაუგებარია

15 აპრ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

ბიზნეს კომპანიები პრემიერის მუქარას პასუხობენ. შემოსავლის გარეშე დარჩენილი ბიზნესი ხელფასს ვერ გასცემს, ამიტომ კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რატომ მიუთითებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე გიორგი გახარია მხოლოდ დამსაქმებლებს. მითუმეტეს მაშინ, რომ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების თქმით, თავად ხელისუფლებას არანაირი პასუხისმგებლობა არ აუღია ბიზნესის გადასარჩენად. 

თხოვნის მიუხედავად, შეღავათები და მასტიმულირებელი გეგმები მწარმოებლებისა თუ იმპორტიორებისთვის, ანუ მსხვილი დამსაქმებლებისთვის არ ჩანს.

ყურადღებას პრემიერისგან ბიზნესი უკვე ერთი თვეა ითხოვს, სურთ რეალური პრობლემები და გამოცდილება გააცნონ, მაგრამ მთავრობის ხელმძღვანელი გადასახადების გადამხდელებს მხოლოდ ტელეეთერით ელაპარაკება. ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ეს ტონი განსაკუთრებით მიუღებელია იმ ადამიანისგან, რომელიც წლების წინ ბიზნეს ომბუდსმენად მუშაობდა. ამბობენ, რომ მთავრობა ცდილობს სრული სტაგნაციის პირობებში - პასუხისმგებლობა მოიხსნას და უმუშევრად და საარსებოდ აუცილებელი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებზე დამსაქმებლებს დააკისროს. 

პრემიერის გამართლებას დღეს ქართული ოცნება ეკონომიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეეცადა, თუმცა პასუხი კითხვაზე - როგორ, რა ფორმით ან რა შეღავათებით დაეხმარება ხელისუფლება ბიზნეს, რომ გადარჩეს ან თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს, ისევ უპასუხოდ დარჩა.

გაკოტრების ზღვარზე მისული ბიზნესი მთავრობისგან სასწრაფო ნაბიჯებს ელოდება. მათ უნდათ, რომ 25 დღემდე გაიზარდოს განბაჟების ვადა, დამატებითი ღირებულების გადასახადი გადაიხადონ შემოტანილი პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ, შეჩერდეს საშემოსავლო და საპენსიო გადასახადები და გადავადდეს ქონების გადასახადი. თუმცა არც ესაა გადამწყვეტი, თუ საცალო ვაჭრობის აღდგენამდე ეკონომიკის სამინისტრო მათ იმპორტირებული პროდუქციის სავაჭრო ობიექტებში შეტანის ან ონლაინს გაყიდვის უფლებას არ მისცემს. 

ქართული ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეები გიორგი გახარიას ანტიკრიზისულ-ეკონომიკურ საბჭოში ადგილს ითხოვენ. ბიზნეს გაერთიანებები მზად არიან მთავრობას კრიზისიდან გამოსავალი მოაძებნინონ. მორიგ სამოქმედო გეგმას საქართველო ევროკავშირის ბიზნეს ასოციაცია ამზადებს და პრემიერს ორშაბათს წარუდგენს.

 


close დახურვა