logo
ENG



ბლინკენი: კრემლის მიერ დონბასის "დამოუკიდებლობის" აღიარება მინსკის შეთანხმებას დაარღვევს

16 თებ 202218:02
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი: კრემლის მიერ დონბასის "დამოუკიდებლობის" აღიარება მინსკის შეთანხმებას დაარღვევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ კრემლის მიერ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება მინსკის შეთანხმების დარღვევა იქნება. 

ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა: 

"კრემლის მიერ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება იქნება მინსკის შეთანხმების საყოველთაო დარღვევა, რომელიც რჩება დონბასში კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზად". 

ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს უკრაინა. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს.

15 თებერვალს რუსეთის დუმამ პრეზიდენტს მიმართა, აღიაროს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა. 

საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული. 

რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას - ის 2015 წლის თებერვალში გაფორმდა. პროტოკოლი საფრანგეთისა და გერმანიის შუამდგომლობით უკრაინამ, რუსეთმა და ეუთომ 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ, დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტასა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით შეადგინეს. 

შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ცეცხლის შეწყვეტას მოიცავს. პროტოკოლი ასევე გულისხმობს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების ზონის შექმნას მინიმუმ 50 კილომეტრის მანძილზე. 


close დახურვა