logo
ENG



ბლინკენი: ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტ პუტინს არ სურს ჩაერთოს დიპლომატიაში

22 ოქტ 202217:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/vcgprr4ndwcxeoo.jpg

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ სურს ჩერთოს დიპლომატიაში.

"როცა საქმე ეხება დიპლომატიას ომის დასასრულებლად, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, მივა თუ არა რუსეთი იმ დონემდე, რომ მას ნამდვილად ექნება ინტერესი შეაჩეროს მის მიერ დაწყებული აგრესია, ჩვენ ამის მტკიცებულებას ამჟამად ვერ ვხედავთ," - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, რუსეთი აორმაგებს აგრესიას, რაც გამოიხატება ასიათასობით რუსის მობილიზებით, მოჩვენებითი რეფერენდუმებითა და უკანონო ანექსიებით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით.

"ასე, რომ, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტ პუტინს არ სურს ჩაერთოს მნიშვნელოვან დიპლომატიაში, აგრძელებს მოქმედებას საპირისპირო მიმართულებით. მისი ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ უკრაინელი ხალხი არა მხოლოდ უკიდურესად გაბედული და გამძლეა, ისინი ასევე ძალიან წარმატებულები არიან არა მხოლოდ აგრესიის მოგერიებაში, არამედ თავიანთი მიწების უკან დაბრუნებაში.

უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, მიწისთვის, მომავლისთვის. რუსეთი - არა. რაც უფრო მალე გაიგებს ამას პრეზიდენტი პუტინი და მივა ამ დასკვნამდე, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას," - განაცხადა ბლინკენმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა