logo
ENG



ბნელ ოთახში კატას ნუ ეძებთ - ნათია თურნავა იპოდრომის გასხვისებაზე

30 ივნ 202017:11
3 წუთის საკითხავი
clock 429

„ძალიან გთხოვთ, ბნელ ოთახში კატას ნუ ეძებთ, დავკავდეთ საქმით“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი კომპანიისგან იპოდრომის ტერიტორიის შეძენასთან დაკავშირებულ კითხვას.

მინისტრმა მედიას ურჩია, იმ ქველმოქმედების გაშუქებით დაკავდნენ, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.

„ეს არის ამორალური, რაზეც საუბრობენ. იყო საუბარი, რომ თითქოს „ქართუს“ საიდან აქვს სახსრები. ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ერთადერთი მთავარი შემომწირველები „ქართუ“ ფონდის. უზარმაზარი ქველმოქმედება აქვთ „ქართუ“ ფონდის მეშვეობით განხორციელებული, 3 მილიარდზე მეტი, რაც არის საერთაშორისო აუდიტით დადასტურებული. ამ ნაწილზე არ აქვთ შეკითხვები ქველმოქმედებასთან დაკავშირებით?!“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

იპოდრომის ტერიტორიის მყიდველიც და გამყიდველიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. კერძოდ, ფონდმა „ქართუმ“ ქალაქის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 6 ნაკვეთი, ანუ ჯამში მთლიანად იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ინვესტ კაპიტალისგან“ 60 მილიონ ლარად იყიდა.

საკითხთან დაკავშირებით ფონდმა "ქართუმ" განცხადება გაავრცელა. ფონდში ამბობენ, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, სასამართლოს  მიმართონ.


close დახურვა