logo
ENG



ბოკერია: ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია

13 დეკ 202015:48
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია: ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია
Formula/Vakho Kareli

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების V რაუნდი, სავარაუდოდ მომდევნო კვირას გაიმართება. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის, ვინაიდან, როგორც ის ამბობს, ალეკო ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის წარმომადგენელი:

"ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი. ეს გააფორმა მან თვითონ. ის არის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერი. მას ჩვენ არ დავუძახებთ. კობახიძესთან ერთად მობრძანდეს, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ ერთეულს ვერაფერს ავუკრძალავთ. ჩვენთან უკვე რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს", - თქვა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ მმართველი პარტია ხვალ მოლაპარაკებას ჩაშლის, ქართულ ოცნებას ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს ოპოზიციასთან ერთად რიგგარეშე არჩევნებზე მსჯელობა. 

"თუ ისინი ამ ეტაპზე ჩაშლიან მოლაპარაკებებს, საბოლოო ჯამში მაინც მოუწევთ დაჯდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და საუბარი იმაზე, როგორ ჩავატაროთ ნორმალური ვადამდელი არჩევნები. ამის ალტერნატივა არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და ივანიშვილისთვის დამღუპველი", - ამბობს ის. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმას თანხმდება, რაც სხვა პარტიებისთვის არასაკმარისია, პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით კი, "თუ ხელში ეჭირება გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, პარლამენტში შევა".

მან და მოქალაქეების კიდევ ერთმა წევრმა, ლევან იოსელიანმა გიგა ბოკერია და გიგი უგულავა მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაშიც დაადანაშაულეს, რაც, მათივე მტკიცებით, დახურული შეხვედრიდან ინფორმაციის გასაჯაროებაში გამოიხატა. 


close დახურვა