logo
ENG



ბოკერია: ივანიშვილი გადაიხდის პერსონალურად მძიმე ფასს, თუ პოლიტპატიმარს არ გამოუშვებს

23 ივნ 202010:12
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს  უყრის. პროცესში მონაწილეობის მიღებას ფრაქცია „ევროპული საქართველოს" დეპუტატები აღარ აპირებენ. 

„ახლა თუ ჩააგდეს, მას შემდეგ რაც 116 ხმა დაფიქსირდა ჩვენი ხმების ჩათვლით, მაშინ კიდევ უფრო მეტ ზიანს მიღებს და ეს მანაც იცის, ან მაშინ რურუა უნდა გამოუშვას ახლავე. ყველა ვარიანტში შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ რურუა არ იქნება თავისუფალი. ივანიშვილი გადაიხდის პერსონალურად მძიმე ფასს თუ პოლიტპატიმარს არ გამოუშვებს. ჩვენ გვსურდა მისი მერყეობის პირობებში ისეთი რამ არ გაეკეთებინა, რომ თითონ არ მოქცეულიყო ქვეყნის ზიანის მიმყენებლის როლშ კიდევ ერთხელ“, - აღნიშნა პარტიის წევრმა გიგა ბოკერიამ.

უცვლელია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაც. თინა ბოკუჩავას თქმით, ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატირმოს არ დატოვებს.

„ვითხოვთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას პოლიტპატიმრების ნაწილში, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას ითვალისწინებს. იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა შევძლოთ. იმედს მაინც ვიტოვებთ, რომ მესამე მოსმენამდე მოხდება გიორგი რურუას გათავისუფლება და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც უფრო წარმომადგენლობით პარლამენტს მოგვცემს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.

განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. „ევროპული საქართველოს" წევრის, ოთო კახიძის თქმით, პირველ მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობით მათ „ქართულ ოცნებას" ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის დამატებითი დრო მისცეს - კერძოდ, გიორგის რურუას საპატიმროდან გათავისუფლებისთვის.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.


close დახურვა