logo
ENG



ბოკერია: კომპრომისის სივრცე ახალი არჩევნების გარშემოა - ხელახალი იქნება თუ სწრაფი ვადამდელი

13 ნოე 202013:07
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებზე კომპრომისის სივრცე მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხის გარშემოა - რა სტატუსი ექნება მას, ხელახალი თუ "სწრაფი ვადამდელი".

"აქ ერთადერთი გამოსავალი და კომპრომისის სივრცე არის ახალი არჩევნები. გასარკვევია, რა სტატუსის ახალი არჩევნები იქნება - ფორმალურად, ხელახალი თუ სწრაფი ვადამდელი არჩევნები. არის ხელახალი არჩევნები და მაშინ ეს არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდება, თუ იქნება სწრაფი ვადამდელი არჩევნები, აქ არსებითი განსხვავებაა", - თქვა ბოკერიამ გადაცემაში კომენტარი.

გუშინ, 12 ნოემბერს ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის, რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები დიალოგის სირთულესა და პოზიციებს შორის დიდ განსხვავებაზე მიუთითებენ. მათ აღნიშნეს, რომ ოპოზიციის სასტარტო პოზიცია უცვლელია.

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.


close დახურვა