logo
ENG



ბოკერია: მოხალისეებისთვის ხელის შეშლა პუტინის რუსეთის დახმარებაა

28 თებ 202222:59
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში დასახმარებლად გამგზავრებაზე ხელის შეშლა პუტინის რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერაა.

როგორც ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, საქართველოს მთავრობის დღევანდელი ნაბიჯი "ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის ახალ ხარისხში გადასვლაა".

"ახლა ჩვენ ვნახეთ პირველი აქტიური ნაბიჯი, მხარდაჭერა პუტინის რუსეთის. როცა შენი მთავრობა აქტიურად მოქმედებს ამის წინააღმდეგ და მოხალისეებს ხელს უშლის, ეს არის პუტინის რუსეთის დახმარება. მხარე არამარტო უმოქმედობით აირჩიეს, ფიზიკური, უკანონო მოქმედებითაც აირჩიეს. ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის ახალ ხარისხში გადასვლა", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ეს რეჟიმი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"ეს რეჟიმია საფრთხე ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ისტორიული შანსისთვის, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა მიუახლოვდა, მაგალითად ევროკავშირის წევრობა ან უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები. ამიტომ, ახლა ჩვენი მთელი ძალისხმევა უნდა იყოს სვლა ვადამდელ არჩევნებზე", - თქვა ბოკერიამ.

დღეს, საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა. ამას twitter-ზე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალიც. 

ის იმედოვნებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მოხალისეებისთვის ფრენის ნებართვას გასცემს. 

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება", - წერს შმიგალი.

"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!" - დაამატა შმიგალმა. 


close დახურვა