logo
ENG



ბოკერია კობახიძის განცხადებაზე: ვერ დავიბრალებ, რომ სენატის გადაწყვეტილებებზე გავლენა მაქვს

26 ივნ 202022:47
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ გიორგი რურუას ხსენება აშშ-ის თავდაცვის აქტის პროექტში, გიგა ბოკერიასა და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია.

"ბატონი კობახიძე ჩემთვის კომპლიმენტების თქმას აგრძელებს. ჯერ თქვა, რომ გოიმებში ნომერ პირველიაო, ახლა თქვა ჩემზე, რომ ჩემი პირადი კონტაქტები განსაზღვრავს სენატის გადაწყვეტილებებს. პირველი კომპლიმენტი მივიღე, მეორეს, სამწუხაროდ, ვერ დავიბრალებ, არ მაქვს ამხელა გავლენა", - აცხადებს ბოკერია.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ საფრთხეების ასაცილებლად გამოსავალი ხელისუფლების გადარჩევაა.

"ძალიან სერიოზული ამბავია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი იმდენად შეშფოთებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე ამბებით, რომ საკუთარი პრაგმატული ინტერესების გამო და ღირებულებითი ინტერესის გამო, საჭიროდ თვლის ასეთ მკაცრს გზავნილს, ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში. ამიტომ, ჩვენ როგორც ქვეყანამ, ეს საფრთხე რომ ავიცილოთ თავიდან ნაკლები დანაკარგებით, ეს ხელისუფლება უნდა გადავირჩიოთ", - აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილება მოამზადა.

დოკუმენტში საუბარი 8 მარტის შეთანხმებასაც შეეხო, სენატორებმა საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების სრულად შესრულებისა და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

შეერთებული შტატების თავდაცვის აქტში შესწორების შეტანის თემას დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, გიორგი რურუასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების თავდაცვის აქტში შესწორების შეტანა ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიასა და სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია.


close დახურვა