logo
ENG



კობახიძე აშშ-ის თავდაცვის აქტზე: რურუას ხსენება აქტში ბოკერიასა და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია

26 ივნ 202022:35
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი რურუასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების თავდაცვის აქტში შესწორების შეტანა ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიასა და სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია.

კობახიძის განმარტებით, თავდაცვის აქტის პროექტში რურუას ხსენება საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას აზიანებს.

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ გიგა ბოკერია და კომიტეტის აპარატის უფროსი მეგობრობენ წლებია უკვე ერთმანეთთან. არ ვიცი რა დგას ამ მეგობრობის უკან. აქედან გამომდინარე, პროექტში შეიძლება შეტანილიყო ასეთი ცვლილება, თუმცა ეს არის ბოკერიას და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი. როდესაც, თუნდაც პროექტში ხდება ასეთი წინადადება, ეს, ბუნებრივია, ვერაფერს დააკლებს ქვეყანას, სახელმწიფოს და ვერაფერს ვერ დააკლებს, ვერც ქართულ ოცნებას.

თუმცა, ეს გარკვეულწილად მაინც აზიანებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს გიგა ბოკერია, კრიმინალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილება მოამზადა.

დოკუმენტში საუბარი 8 მარტის შეთანხმებასაც შეეხო, სენატორებმა საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების სრულად შესრულებისა და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.


close დახურვა