logo
ENG



ბოკერია კობახიძის განცხადებებზე:ოპონენტების წინააღმდეგ ტალახის სროლით, მტერს ეხმარებიან

18 ივნ 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, შექმნილ ვითარებაში „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია სტრატეგია, რომ მკაცრი ტონით არა ოკუპანტს, არამედ საკუთარ ოპონენტებს ესაუბროს და ამით ყურადღება მათზე გადაიტანოს.

პოლიტიკოსების განცხადებით, ოპოზიციის პრორუსულობასთან დაკავშირებით ბრალდებები განსაკუთრებით მიუღებელია მათთვის კობახიძისგან, რომლის თანამდებობაც სწორედ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს შეეწირა.

„ეს არის გაგრძელება, ამ ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო, მავნებლური და უპასუხისმგებლო, პოლიტიკურ დანაშაულებრივი ხაზის. იმის მაგივრად, რომ თუკი რაიმე განცხადებას აკეთებენ გამოძიების დასრულებამდე, პოლიტიკური გზავნილები საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით იყოს მტრული სახელმწიფოსთვის პოლიტიკური ფასის გადახდის მიმართულებით, ამის ნაცვლად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ტალახს ისვრიან, რითაც მტერს ეხმარებიან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ხელისუფლების მსგავსი დამოკიდებულება ჟურნალისტის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე მიუღებელია ასევე „ნაციონალური მოძრაობისთვის“. პარტიის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებით უნდა იყოს დაკავებული და არა ოპონენტებზე თავდასხმით.

„მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციაზე თავდასხმა არის უფრო სწორი სტრატეგია ვიდრე საკუთარი მოქალაქის სავარაუდო მკვლელობის დაგეგმვის თაობაზე, მაგალითად ალარმიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის და შესაბამისი შეფასებების გაკეთების ოთხოვნა, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება ხელისუფლების მხრიდან და ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება უნისონში საუბრობს რუსეთის გზავნილებით“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

„ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს „ბოდვები“ უწოდა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ. მისი თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია.

„პირდაპირ გაბუნიას აბრალებენ ლამის, რომ გაბუნიას საკუთარი თავის აფეთქება უნდოდა იმისათვის, რომ დესტაბილიზაცია გამოეწვია. როდესაც ასეთ ბოდვებს ვუსმენთ, ცხადი ხდება, რომ მათი დღეები დათვლილია. „ლეიბორისტული პარტია“ და მისი ლიდერი არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი აქტორი იმისა, რა დასკვნებიც იდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ბოლო 8 წლის ნამუშევარია, ურთიერთობები, კონტაქტები, ვიზიტები აშშ-ში და ინფორმაციის მიწოდება მოკავშირეებთან, როგორ არის დაკავშირებული ოლიგარქი ივანიშვილი პუტინთან“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.

ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს მათი საერთო სულისკვეთებაა, ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა მოვლენების ნებისმიერი ისეთი განვითარება, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა, - ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმე. მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ დანაშაულზე უფრო მძიმე შედეგი დადგებოდა, ეს ხელს მხოლოდ ოპოზიციას აძლევდა.


close დახურვა