ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ეხმაურება ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც ცოტა ხნის წინ TV პირველის ეთერში თქვა, რომ ეთანხმება არა ერთიანი სიის, არამედ ალტერნატიული ცენტრის იდეას - ნაციონალური მოძრაობის გარეშე.
ფორმულას ეთერში გადაცემა ღამის კომენტარში საუბრისას თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ხაზარაძის განცხადებით "უკიდურესად იმედგაცრუებულია". მან აღნიშნა, რომ მათ შორის ლელოს მიერ ჩატარებული შიდაპარტიული კვლევით - იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის ნაციონალური მოძრაობაც.
ბოკუჩავას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანთა მოსმენაა, რომლებიც ყოველდღიურად რუსთაველზე დგანან და იცავენ ქვეყნის მომავალს და რომლებისთვისაც, მთავარი მიზანი ევროპული პერსპექტივაა.
"გულწრფელად უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ ლიდერებთან და მუდმივად არის ჩვენ შორის საუბრები, კონსულტაციები, უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ ლელოს ლიდერით, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, რომელმაც თქვა, რომ ის ვერ ხედავს ერთიანი სიის პერსპექტივას [ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად]. ამის დრო, ამ წითელი ხაზების დრო ნამდვილად წავიდა, გარდა იმ წითელი ხაზისა, რომელიც ივანიშვილმა გაავლო ჩვენი ქვეყნის გარუსებასა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენას შორის, ეს არის ის წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება.
მე მაქვს ინფორმაცია, სხვადასხვა კვლევები არსებობს მათ შორის, იცით, IRI, NDI, Edison-ის კვლევები, მაგრამ ამავდროულად არსებობს შიდაპარტიული კვლევებიც და მე მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის ლელოს მიერ ჩატარებული შიდა კვლევების მიხედვით, ერთიანი სია, რომელშიც შედის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, იმარჯვებს. ენმ ყოველთვის იყო, არის და იქნება ამ მოცემულობაში ერთიანი სიის მომხრე, ერთიანი სია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იმარჯვებს. ამგვარი სია ამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას, ამგვარი სია იღებს უმრავლესობას და ამას აჩვენებს, მათ შორის, კვლევები.
რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვლევები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის კვლევა არის იმ ადამიანებთან ერთად დგომა და მათი აზრის მოსმენა, რომლებიც ყოველდღიურად არიან რუსთაველზე და იცავენ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეს არის ჩემთვის მთავარი შთაგონება, დაკვეთა და როდესაც ამ ადამიანებს ვესაუბრები, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ფრაგმენტაცია, ურთიერთდაპირისპირება, როგორც ჯაფარიძემ თქვა, საარჩევნო ბუღალტერია, სადაც თითოეული პარტია საკუთარ ხმებს ითვლის და პარტიულ შედეგს ითვლის და მთავარ მიზანზე არ აქვს სწორება, მე ვფიქრობ, რომ რბილად რომ ვთქვათ, არ არის გონივრული და არ არის გამართლებული, არ არის პასუხისმგებლობიანი ოპოზიციის მოქმედება", - ამბობს ბოკუჩავა.
ბოკუჩავას თქმით, ამჟამად საქართველო გზაგასაყარზეა და გაერთიანებულმა, პროდასავლურმა ოპოზიციამ გამოწვევას თვალი უნდა გაუსწოროს.
"საქართველო დგას გზაგასაყარზე. როდესაც ივანიშვილმა მისცა გამოწვევა ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს, რომ ეს არის რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ერთ მხარეს არის რუსეთი და ღიად პრორუსული, ავტოკრატიული ივანიშვილის მთავრობა და მეორე მხარეს არის ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ახლა, როგორც ოპოზიცია ან მივიღებთ ამ რეფერენდუმის გამოწვევას და შესაბამისად, ვუპასუხებთ რეფერენდუმის პირობებითვე, ანუ, მივცემთ საქართველოს მოსახლეობას მკაფიო არჩევანს და დიახ, ორობით არჩევანს, ერთის მხრივ ავტოკრატიული პრორუსული ივანიშვილი და მეორეს მხრივ, პროდასავლური, დემოკრატიული, გაერთიანებული ოპოზიცია. ამ ჩვენ ამ გამოწვევას ვერ გავუსწორებთ თვალს და შესაბამისად, ჩემი აზრით, თითოეული ჩვენგანი იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ", - თქვა ბოკუჩავამ.