logo
ENG



ბოკუჩავა 5 ოპოზიციონერზე: თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ

17 მაი 202317:00
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი, მათთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

"მე პირადად ვერ ხვედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს იმიტომ, რომ ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს საკუთარი თანხმობა და ხმა მისცეს კლანის წევრებს, არის ფუნდამენტური საკითხი, ეს აძლიერებს კლანის გავლენებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შესაბამისად, სასამართლო სისტემაში", - განაცხადა ბოკუჩავამ.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.


close დახურვა