logo
ENG



ბრალდების მხარე დავით კირკიტაძისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს

05 თებ 202213:12
3 წუთის საკითხავი
 
ბრალდების მხარე დავით კირკიტაძისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს

რუსთავის რაიონულ სასამართლოში დღეს დავით კირკიტაძის პროცესის განხილვა მიმდინარეობს. ბრალდების მხარე კირკიტაძისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას 20-დღიანი გადახდის ვადით, დაცვის მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.

“დანაშაულის ხასიათის მოტივით და იმ საფრთხეების გათვალისწინებით მიგვაჩნია რომ ამ შემთხვევაში მას უნდა შეეფარდოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება სხვა, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, როგორიც შესაძლებელია დანაშაულის კატეგორიის გათვალისწინებით იყოს პირადი თავდებობა, არ იქნება მიზანშეწონილი“, - განაცხადა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე.

დავით კირკიტაძემ სასამართლოს დარბაზი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დატოვა. მანამდე კი განაცხადა, რომ პროცესი დადგმულია და ქართული სასამართლოსი არ სჯერა.

რუსთავში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ძალადობის საქმეზე პარლამენტის დეპუტატის, დავით კირკიტაძისა და სამი პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიების მტკიცებით, გასული წლის 24 ოქტომბერს რუსთავში ენმ-ს ოფისთან, ვ.ბ. რამდენიმე პირთან ერთად ოპოზიციური პარტიის საქმიანობას აპროტესტებდა, რა დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, მათ შორის დავით კირკიტაძემაც, მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ - ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელეს. 

კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ორი პირის მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათ მიმართავს დევნა ძალადობის მუხლით დაიწყო.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეეფარდა. რაც შეეხება კირკიტაძეს, პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.


close დახურვა