logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინას ახალი წლის დღეებში შეუტიოს

31 დეკ 202213:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/31/glefqde326f8vqh.jpg

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთმა აქამდე არსებული მიდგომა, შესაძლოა, შეცვალოს და რამდენიმე დღის შუალედის ნაცვლად, უკრაინას ბევრად მალე, ანუ საახალწლო პერიოდში შეუტიოს.

"2022 წლის 29 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით შორი დისტანციის შეტევების მორიგი ტალღა წამოიწყეს, კიდევ ერთხელ, მათი სამიზნე ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი იყო", - წერია ახალ განცხადებაში.

დაზვერვა მიუთითებს, რომ ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი ინარჩუნებს ზოგად სურათს და ინტენსიურ დარტყმებს ყოველ შვიდიდან ათ დღეში ერთხელ იწყებს. მათი თქმით, ოკუპანტი ქვეყანა ამ მიდგომით უკრაინული საჰაერო ძალების დათრგუნვას ცდილობს.

"თუმცა არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი ამ მიდგომას შეცვლის და მომდევნო დღეებში კვლავ შეუტევს, რათა შეარყიოს უკრაინელი ხალხის მორალი ახალი წლის არდადეგების პერიოდში", - ამბობენ ბრიტანულ უწყებაში.

გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ 5 იანვრიდან რუსეთი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს. მისი თქმით, რუსებს უზარმაზარი პრობლემები აქვთ არსებული დანაყოფების დაკომპლექტებასთან და ახლის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ის მიუთითებს, ოკუპანტებს საკმარისი ცოცხალი ძალა აღარ ჰყავთ.


close დახურვა