ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უახლოეს კვირებში ომის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
"2023 წლის იანვრის დასაწყისიდან რუსეთი უკრაინაში ძირითადი შეტევითი ოპერაციების აღდგენას ცდილობს. მისი ოპერატიული მიზანი, რა თქმა უნდა, დონეცკის რეგიონის უკრაინის მიერ კონტროლირებადი დარჩენილი ნაწილების ხელში ჩაგდებაა", - ნათქვამია განცხადებაში.
დაზვერვის თქმით, რუსული ჯარები კვირაში მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით ახერხებენ წინსვლას. მათი განცხადებით, ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთს ახლა აკლია საბრძოლო მასალები და მანევრირების ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა წარმატებული შეტევითი ოპერაციებისთვის.
"რუსეთის ლიდერები, სავარაუდოდ, განაგრძობენ ფართომასშტაბიანი შეტევითი ქმედებების მოთხოვნას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ძალების შეკრება შეძლოს, რათა ომის შედეგზე უახლოეს კვირებში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.