"დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე ოპოზიციურმა სპექტრმა გერმანული მოდელის მხარდამჭერი მყარი არგუმენტები წარადგინა. ამასთან, ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებამ ეს არგუმენტები არ გაითვალისწინა. მისივე მტკიცებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ვერ დაასაბუთეს, თუ რატომ არის ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციური.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დიალოგი გაგრძელდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების მოპოვება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ახალგაზრდების მიერ მოპოვებული პროპორციული სისტემა ვერ მივიყვანოთ ბოლომდე. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი არგუმენტები იყო გაცილებით უფრო მყარი. ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, რატომ არ არის ეს მოდელი კონსტიტუციური. ეს ჰგავს სურვილს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უარი ითქვას. უცნაურია, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ჩვენს შეთავაზებაზე, რომ ოფიციალურად გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში ჩვენი კანონპროექტი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი იყოს დაფიქსირებული. სრულიად ოპოზიციას ერთი აზრი გვქონდა. ვაგრძელებთ დისკუსიას. თუ ხელისუფლება შემოგვთავაზებს პროპორციული სისტემის რაიმე ტიპის მოდიფიცირებას, რომელიც არ არღვევს პროპორციული სისტემის არსს, მზად ვართ განვიხილოთ. აქვე უნდა ითქვას, რომ გერმანული მოდელი შეესაბამება კონსტიტუციას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.