logo
ENG



ბურჯანაძე: თუ ამას გადავყლაპავთ, შეიძლება, 2024-ში ივანიშვილმა შვილი მეფედ გამოგვიცხადოს

02 ნოე 202015:10
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი საქართველოს ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია მიაღწევს იმას, რომ არცერთი პარტია არ შევა პარლამენტში. ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში საუბრისას, მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მჭიდრო კოორდინაციაშია და აპირებენ, საერთაშორისო დამკვირვებლებს გააცნონ გაყალბების ფაქტების შესახებ ინფორმაცია. 

"დღეს ოპოზიციას კარგად ესმის, რომ თუ ჩვენ ამას გადავყლაპავთ, შეიძლება, 2024-ში არჩევნები საერთოდ არ ჩაგვიტარონ და ივანიშვილმა თვითონ, ან თავისი შვილი მეფედ გამოგვიცხადოს. ის [ბიძინა ივანიშვილი] პირდაპირ, მხოლოდ და მხოლოდ მონებს უჭერს მხარს. ჩემთან მიმართებაში მას პირადი მტრობა აქვს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ და ეს უკვე ძალიან კარგად ჩანს", - ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

31 ოქტომბრის არჩევნებში ნინო ბურჯანაძის პარტიამ ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა, ხმების 0,85% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის მანდატისთვის 1-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. 

პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვა პარტია ევროპულმა საქართველომ. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც, 19 საათზე არის დაგეგმილი.


close დახურვა