logo
ENG



ბურჯანაძე: იყო გზავნილები, რომ თუ შემოხვალთ პარლამენტში, პოლიტპატიმრებს გამოვუშვებთო

10 დეკ 202022:07
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებისგან ოპოზიციის მისამართით იყო გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარლამენტში შევიდოდნენ, მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდა.

როგორც ბურჯანაძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, ამ შეთავაზებაზე ოპოზიციას მწვავე რეაქცია ჰქონდა, ამიტომ საუბარი აღარ გაგრძელებულა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმეზე კარტოგრაფების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებაც სწორედ იმისთვის მოხდა, რომ შემდეგ მმართველ გუნდს ამ საკითხით ოპოზიციასთან ევაჭრა.

"ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, რომლებიც აბსოლუტურად ტყუილად არიან ციხეში, არათუ არ გაათავისუფლეს, არამედ წინასწარი პატიმრობაც კი არ შეუმსუბუქეს. აქ არ არის საუბარი ბრალის მოხსნაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ადამიანების ციხეში ყოფნის აუცილებლობა არ დგას. უბრალოდ ტყვედ ჰყავთ აყვანილი ეს ადამიანები, რომ მერე ოპოზიციას ევაჭრონ. იყო ასეთი გზავნილები, რომ აი თუ შემოხვალთ პარლამენტში, მაშინ პოლიტპატიმრებს გამოვუშვებთ. ღიად ტელევიზორით არ უთქვამთ, მაგრამ... ეს იყო შოკი და ისეთი რეაქცია ჰქონდა მთელ ოპოზიციას, მიხვდა ხელისუფლება, რომ ამაზე ლაპარაკი აღარ უნდა გაეგრძელებინა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას არ დაესწრება არც ერთი ოპოზიციური პარტია. ამ დროისთვის, მანდატებზე უარს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია არ ამბობს. ის აცხადებს, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა ოპოზიციური პარტიები მანდატებზე უარის თქმას და სიების განულებას გეგმავენ. 


close დახურვა