ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს უწოდებს და ამბობს, რომ მათ არჩადენილ დანაშაულში დასდეს ბრალი:
"ის, რა ამბავიც ატყდა ხელისუფლების მხრიდან, თითქოს რაღაც გაიყიდა, თითქოს რაღაც გადაეცა აზერბაიჯანს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ორი ადამიანი დააპატიმრეს 37 წლის საუკეთესო ტრადიციებით და არჩადენილ დანაშაულში დადეს ბრალი. ეს არის სამარცხვინო. ადრე თუ გვიან, ქვეყნის ინტერესების, ადამიანის გრძნობებით და ადამიანის ბედით თამაშზე, ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს", - აცხადებს ბურჯანაძე.
მისივე განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია რუკების მოძიებაში მაღალჩინოსნების ჩართულობა, როდესაც ეს უდანაშაულო ადამიანების დასჯისთვის ხდება:
"ნებისმიერი დამატებითი რუკის მოძიება, რომელმაც შეიძლება საქართველოს პოზიციები გაამყაროს მხოლოდ პოზიტიურია და ამას მივესალმები. თუ ეს, საქმის პოლიტიკური აქტივობისთვის და უდანაშაულო ადამიანების დასჯისათვის ხდება - კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
9 ოქტომბერს დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ განაცხადა, რომ კარტოგრაფიული რუკის მოძიებაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. მისი თქმით, დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა დახმარებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, შემდეგ კი ორიგინალი რუკის მოძიების საქმეში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და დავით ხიდაშელს დაუკავშირდა, რომელმაც რუკის ორიგინალი მოიძია.
წყაროს ცნობით, ის ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ პროკურატურას მიაწოდა და რის საფუძველზეც დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები დააკავეს, უწყებამ რუსეთიდან მოიპოვა.
წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რუკები სწორედ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. სხდომაზე ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის ღალატი ამ საქმის წამოწევაა.
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.