რუსეთმა გაათავისუფლა 10 უცხოელი სამხედრო ტყვე. გათავისუფლებულთა შორის არიან ბრიტანელები და მაროკოელი, რომლებსაც ოკუპირებულ დონეცკში სიკვდილი მიუსაჯეს.
ხუთი ქვეყნის მოქალაქის გათავისუფლების შესახებ ოთხშაბათს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. საუბარია მაროკოს, აშშ-ს, ბრიტანეთის, შვედეთისა და ხორვატიის მოქალაქეებზე. მათი სახელები არ სახელდება. თვითმფრინავი გათავისუფლებულებთან ერთად საუდის არაბეთში ჩაფრინდა.
#فيديو_واس pic.twitter.com/r1rO4NRRej
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოელი მოხალისეები გაათავისუფლეს უფლისწულ მუჰამედ ბინ სალმანის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის ფარგლებში.
რუსეთმა უკრაინას 200 სამხედრო ტყვე გადასცა, მათ შორის აზოვსტალის რამდენიმე ცნობილი მეთაური. ცნობილია, რომ რუსეთმა 55 სამხედრო ტყვე და პუტინთან დაახლოებული პირი, ვიქტორ მედვედჩუკი დაიბრუნა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ გათავისუფლებულია ხუთი ბრიტანელი ტყვე. გათავისუფლებულებს შორის იყვნენ ბრიტანეთის ორი მოქალაქე ეიდენ ესლინი და შონ პინერი, ასევე მაროკოელი ბრაგიმ საადუნი. მათ ოკუპირებულ დონეცკში "ხელისუფლების გადატრიალების" ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯეს.
ამასთან, ოჯახის წევრებმა Reuters-თან დაადასტურეს, რომ რუსეთმა ორი ამერიკელი მებრძოლი - ალექსანდრ დრიუკე და ენდი ჰიუნი გაათავისუფლა.