ახალგაზრდები სცემეს, თუმცა ისევ ისინი ისჯებიან. მოძრაობა გაბედეს წევრების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 4 აქტივისტი, მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე დილიდან იმყოფებოდა. მათ ბრალი ადმინისტრაციული წესით, წვრილმან ხულიგნობაში წაუყენეს.
„თურმე ვყვიროდით, ვიგინებოდით იქ მყოფი საზოგადოების მიმართ და ფიზიკურ გაწევ-გამოწევაში ვიღებდით მონაწილეობას. ყველას გვაქვს ერთი და იგივე ოქმი. იმის გარდა, რომ ქვეყანაში ასეთი უსამართლობაა, ფანტაზიის უნარიც არ აქვთ ამ ადამიანებს და შაბლონური ოქმები მოამზადეს ოთხივეზე, თითქოს იქ ჩვენი ბრალით მოხდა რამე. დაველოდოთ სასამართლო დაინიშნება ცოტა ხანში და ერთ-ერთ შუამდგომლობად დავაყენებთ იმას, რომ მცხეთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გამოცხადდეს სასამართლოში და დაამტკიცოს ის, რაზეც ცილს გვწამებდა ამ პროცესების მეორე დღეს“, - განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.
მოძრაობის წევრებს ოქმში, რომელიც მათ გადასცეს, ბრალს 166-ე მუხლით უყენებენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და ფიზიკურ და სიყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. გაბედეს ერთ-ერთი აქტივისტი, ირაკლი ქართველიშვილი, მათ ბრალეულობას გამორიცხავს და სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
„ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით, მოვედით რომ გაგვეპროტესტებინა, დაგვიჭირეს, გვცემეს, გაგვასამართლეს და ვნახოთ ახლა რა მოხდება,“ - აცხადებს ირაკლი ქართველიშვილი.
მოძრაობა გაბედეს წევრების ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე კი აცხადებს, რომ ისინი ოქმებს არ ეთანხმებიან, რაც სასამართლოში წერილობითაც დაადასტურეს.
„ოთხივე ოქმში წერია აბსოლუტურად ერთი და იგივე. ამ ოქმებს არ დავეთანხმეთ, რაც ოფიციალურად დავადასტურეთ წერილობით. ახლა ეს სამართალდარღვევის ოქმები წარდგენილი იქნება სასამართლოში. გავყვებით პოლიციის თანამშრომლებს ბუნებრივად და დაველოდებით. დღეს უკვე იქნება სასამართლო პროცესი“, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის პოლიციაში მოძრაობა „გაბედეს“ ოთხი წევრი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საქმე ეხება 2 დეკემბერს მცხეთაში „ოცნების“ მაჟ
ორიტარის დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მართველი გუნდის მხარდამჭერები გაბედეს აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საერთო ჯამში 7 პირი დააკავეს, 4 „გაბედეს“ წევრია.