ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 18 ათასი აქტიური შემთხვევაა და ჰოსპიტალურ სექტორში 6 000-მდე საწოლია მობილიზებული.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საწოლების რაოდენობა ჯერჯერობით საკმარისია, თუმცა ინფექციის სწრაფი მატების შემთხვევაში, შესაძლებელია, ამ კუთხით პრობლემები შეიქმნას.
"ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, როდესაც გვქონდა 33 ათასი აქტიური შემთხვევა, დაახლოებით მობილიზებული იყო 7 500 საწოლი. დღევანდელი მდგომარეობით, 18 ათასი აქტიური შემთხვევაა და მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დატვირთვას გაუძლოს. თუმცა, საყურადღებოა შემდგომი მატება და თუ ეს იქნა სწრაფი და ინტენსიური მატება, ბუნებრივია საწოლფონდის კუთხით პრობლემები შესაძლებელია შეიქმნას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ტურიზმის გახსნიდან გამომდინარე, სასტუმროების საწოლფონდის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა სამინისტროს ხელახლა მობილიზებაზე მუშაობს.
"მინდა დავაფიქსირო ის გარემოებაც, რომ გასულ პერიდოში აქტიურად ვიყენებდით სასტუმროების საწოლფონდს. მიმდინარე პერიოდში ტურიზმიდან გამომდინარე სასტუმროების საწოლფონდი ნაწილობრივ არის მობილიზებული ამ ეტაპზე და ახლა მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საწოლფონდი მობილიზდეს", - თქვა გაბუნიამ.
დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის 368 179 აცრაა ჩატარებული.
